Popular Posts

Tuesday, February 1, 2011

ჩემი ხელები

ჩემი ხელები ძაფზე კიდია.
როცა ძაფს აწევენ, მე ხელს გიქნევთ და გესალმებით.
მე და თქვენს შორის ბეწვის ხიდია,
მაგრამ დამქაჩავენ და სცენას ვუბრუნდები.


მიყვარხარ, თეთრო ლამაზმანო შუა რიგიდან,
მაგრამ სხვა ქალის ტრფობა მმართებს მე ამ სპექტაკლში.
ორმოცდაათი ბილეთი ვარ.სულ გაიყიდა
და ვინც მოვიდა, კმაყოფილი უნდა წავიდეს სახლში.

ო, როგორ მიყვარხარ, ჩემო ცრემლიანო შუა რიგიდან,
მაგრამ ამ გრძნობას სად გაგიმხელ, სიზმრების გარდა...
მე კვლავ ვთამაშობ, რომ ქალბატონი ფლორა მიზიდავს,
სინამდვილეში შენს თვალებს ვგრძნობ, სანამდე ფარდა
დაეშვება და მოეღება ჩემს ტანჯვას ბოლო,
ისევე, როგორც შენი მზერის იდუმალ სხივებს.
ძაფს დაქაჩავენ,თავს დაგიკრავთ და გეტყვით მხოლოდ:


დიდი მადლობა, რომ მაცინეთ!
დიდი მადლობა, რომ მატირეთ!
დიდი მადლობა, რომ მიყიდეთ


და თან წაიღეთ
სანაცვლოდ ჩემად
ფიქრი ამ როლზე,
ჩაის საღამოსთვის
საუბრის თემად.



                                   ინგილო ქალი

No comments:

Post a Comment