Popular Posts

Friday, February 4, 2011

ვაჟას


შენი ლექსების მკითხველი,
მგოსანო, მაღლის მთისაო,
თბილისის ქუჩებს მივყვები
ცრემლები ღვარად მდისაო.

მე იმ სიტყვებმა დამკოდეს
შენ რომ დასწერე მთაშია,
მეც ის ტკივილი მაწუხებს,
რომლის მიზეზიც ხალხშია...

სად არის ახლა კაი ყმა?
სად არის მთიულთ ღრეობა?
რატომ არ არის ქართველში
მამაპაპური მხნეობა?!

რისთვის უმღერა რუსთველმა
ავთანდილს, ფრიდონს, ტარიელს,
თუ ერი უკვდავ პოემას
უწოდებს ფუჭს და ცარიელს?!

ილიას კალამს დაუშრა
სისხლის და ცრემლის მელანი,
ვეღარ აჩქროლემს ქართლის გულს
ბარათაშვილის მერანი.

აკაკის ჩანგმაც შესწყვიტა
ბულბულის მსგავსი მღერანი,
ჩვენი სამშობლო შეიქმნა
უბადრუკი და ვერანი.

სადა ხარ ეხლა ფშაველო?
რატომ არ ჩნდები ხალხშია?
ნუთუ დასტოვე სამშობლო
და გადასახლდი ცაშია?

არა, არ სჯერა ყმაწვილ გულს
რომ მიატოვე მამული -
შენ იმქვეყნიურ სამოთხეს
გერჩივნა ტანჯვა ქართული...

შენ ახლაც ჩვენში ტრიალებ,
ეძებ თანასწორს გულსა,
რომ უზიარო სიტყვები
სამშობლოს სიყვარულისა.

ზოგისთვის ფუჭი სიტყვები,
ზოგისთვის - დაიმედება.
მე კი შენს ლექსებს ვკითხულობ
და გულში მეიმედება,

რომ კიდევ დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოსწყდებიან,
ჯავრი არ შჭამონ მტრისანი!..


                        თენგო ომანიძე


                                         

No comments:

Post a Comment